დამანა მელიქიშვილი
ენათმეცნიერი
დაბადების თარიღი 1939
დაიბადა 1939 წლის 14 ივნისს.
1957 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 23-ე სკოლა.
1962 წელს, ქართველური ენების განხრით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში, ახალი ქართული ენის კათედრაზე, რომელიც 1965 წელს წარმატებით დაამთავრა აკად. ვარლამ თოფურიას ხელმძღვანელობით.
ასპირანტურაში სწავლის პერიოდში, ვარლამ თოფურიას რეკომენდაციითა და დავალებით ატარებდა ლექციებს ქართულ ენაში თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის რუსულ განყოფილებებსა და დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტზე. ასევე, ქართული ფილოლოგიის ენისა და ლიტერატურის განყოფილებებზე ატარებდა ახალი ქართული ენის გრამატიკის სალექციო კურსის სემინარებს.
1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი’’, რომელიც მონოგრაფიის სახით გამოქვეყნდა 1975 წელს.
1988 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,გელათის საღვთიმეტყველო-ლიტერატურული სკოლა და ქართული სამეცნიერო ენის განვითარების გზები’’, რის საფუძველზეც მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1992 წელს - პროფესორის სამეცნიერო წოდება.
1965 წლიდან დღემდე მუშაობს თსუ-ს ახალი ქართული ენის კათედრაზე, ჯერ მასწავლებლად (1965-1965 წწ.) ახალი ქართული ენის კათედრაზე, შემდეგ უფროს მასწავლებლად (1968-1969 წწ.) ძველი ქართული ენის კათედრაზე აკაკი შანიძის მიწვევით.
1970 წლიდან 1989 წლამდე კვლავ ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტის, ხოლო 1990-2006 წლამდე პროფესორის თანამდებობაზე.
1986-1992 წლებში აკად. შალვა ხიდაშელის მიწვევით მუშაობდა საქართველოს მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში უფროსი მეცნ. თანამშრომლის თანამდებობაზე.
1987 წლიდან 2007 წლამდე თბილისის სასულიერო აკადემიაში კითხულობდა სალექციო კურსს “ძველი ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლები” და პერიოდულად ხელმძღვანელობდა სადიპლომო შრომებს. 1993-97 წლებში ამავე აკადემიაში ასრულებდა ბიზანტინოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას, ხელმძღვანელობდა ძველი ქართული თარგმანისა და ტექსტოლოგიის განყოფილებას.
1995 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული გელათის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნამდვილი წევრი.
1996 წლიდან იყო თსუ-ს სადისერტაციო საბჭოების წევრი.
წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სადიპლომო და სამაგისტრო ნაშრომებს, საკანდიდატო დისერტაციებს, იყო ოპონენტი და ექსპერტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებისა.
2006 წლის კონკურსის საფუძველზე დაიკავა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობა ქართული ფილოლოგიის მიმართულებით და ხელმძღვანელობდა ქართული ენის ინსტიტუტს, ქართველური ენათმეცნიერების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.
სხვადასხვა დროს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ ბიზანტინოლოგთა, ორიენტალისტთა, კავკასიოლოგთა და ქართველოლოგთა საერთასორისო კონგრესებსა და კონფერენციებზე წაკითხული აქვს მოხსენებები ძველი ქართული მწიგნობრული სკოლების, ქართული ენის ისტორიის, ქართული საღვთისმეტყველო ტერმონოლოგიის, ქართული ზმნისა და ზოგადად ქართული ენის გრამატიკის საკითხებზე.
2000 წელს ნაშრომებისათვის “ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან” და “იოანე პეტრიწი, განმარტება პროკლე დიადოხოსის ღვთისმეტყველების საფუძვლებისა” მიენიჭა გელათის მეცნიერებათა აკადემიის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია;
არის 90-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სხვადასხვა ხასიათის საგაზეთო თუ საჟურნალო სტატიის ავტორი.
1995 წელს დააარსა სერია “ახალმოწამენი” და გამოსცა ორი წიგნი: “ნაზარი მიტროპოლიტი” და “მღვდელი სიმონ მჭედლიძე”.
1995 წელს იყო საქართველოს ეკლესიის ახალ წმინდანთა შესახებ მასალების
შემკრები კომისიის წევრი. კონსულტაციებისა თუ მისი უშუალო მონაწილეობით ახალმოწამეთა შესახებ შექმნილია რამდენიმე ფილმი.
2007 წელს მიენიჭა “VTB ბანკ ჯორჯიას” პრემია ნომინაციაში: “წლის საუკეთესო საგანმანათლებლო და კულტურულ-ჰუმანიტარული პროექტი” (შუა საუკუნეების ქართული თარგმანის თეორია და პრაქტიკა”, პროგრამის ხელმძღვანელი – დამანა მელიქიშვილი; მონაწილეები: ქეთევან ბეზარაშვილი და ანა ხარანაული).
2008 წელს “რუსთაველის ფონდის” საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაენიშნა შოთა რუსთაველის სტიპენდია.
2009 წელს მიენიჭა დამსახურებული პროფესორის წოდება.
ამჟამად არის ხელმძღვანელი ქართველური ენების სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებისა და მიჰყავს რამდენიმე კურსი დოქტორანტურასა და მაგისტრატურაში, ხელმძღვანელობს სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს.